გოჩა შონია - წყლის ახალი ტარიფი GWP-ის ეფექტურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს
გოჩა შონია - წყლის ახალი ტარიფი GWP-ის ეფექტურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, წყლის ახალი ტარიფი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეფექტურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ გოჩა შონიამ სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით თბილისში საყოფაცხოვრებო სექტორისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა, კომერციულისთვის მცირედით შემცირდა.

„რა თქმა უნდა, კომპანიას ყოველთვის აქვს პრეტენზია, მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე არის აპარატის მიერ წარმოდგენილი. ტარიფები დაანგარიშებული იყო მეთოდოლოგიის საფუძველზე და კომისიამ მიიღო ყველა ის გონივრული ხარჯი, რომელსაც საჭიროდ თვლის, რადგან ამ კომპანიამ ეფექტურად განახორციელოს ფუნქციონირება. თქვენ ნახეთ, რომ ტარიფები კომერციულ სექტორში პრაქტიკულად, არ გაზრდილა. დაახლოებით 5 თეთრით გაიზარდა დღგ-ის გარეშე გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის, გაუმრიცხველიანებულისთვის კი – 70 თეთრით“, – განაცხადა შონიამ.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1 მ3-ზე დაახლოებით 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვის ერთ სულზე დაახლოებით 75 თეთრით იზრდება. თბილისში წყალი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გაძვირდება.