გოჩა ლორთქიფანიძეს, ჰააგიის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად, სახაროვის პრემია მიენიჭა
2026 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მის ოფიციალურ პირებს მიენიჭათ.
ჯილდო ხაზს უსვამს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის გამოძიებებს, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო პროცესებს. პრემია მიენიჭა სასამართლოს 11 მოსამართლეს, მათ შორის გოჩა ლორთქიფანიძეს, ასევე თავად ინსტიტუციას.
„ყველა მათგანს აქვს მდიდარი კარიერა ეროვნული და საერთაშორისო პროკურატურის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროებში, მათ შორის გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე, მსხვერპლთა უფლებებსა და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობის გამოცდილება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დაუსჯელობის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ICC, რომელსაც მართავს საერთაშორისო ხელშეკრულება – „რომის სტატუტი“, მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს და საჭიროების შემთხვევაში ასამართლებს პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ყველაზე მძიმე დანაშაულებში: გენოციდი, ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და აგრესიის დანაშაული.
სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად ანიჭებს ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვისთვის, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისთვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის.
2026 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.
აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის 2026 წლის პრიზის დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართება.