GMP ინსპექტორის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო

16:27, 02.03.2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო  GMP ინსპექტორის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევას იწყებს. შერჩევის კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია. განაცხადის წარდგენა არაუგვიანეს 10 მარტისა, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომლის კვალიფიკაციაც დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება.

კონკურსის შესახებ განცხადება რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ჯიქიამ გააკეთა. მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გახდნენ ქვეყანაში წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერების პროცესის უშუალო მონაწილენი და ჩამოყალიბდნენ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ასევე, პირადი პროფესიული განვითარებისა და წინსვლისთვის.

რეგულირების სააგენტო 8 კანდიდატს შეარჩევს, რომელიც გაივლის სპეციალურ მომზადებას საზღვარგარეთ, მომზადება სამ ეტაპიანია და თითოეული მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს ასევე წერითი გამოცდის ჩაბარებას, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება არის ნაწილი უმნიშვნელოვანეს პროექტისა, რომელიც მიმართულია მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერებისაკენ.  ქვეყანაში ინერგება კარგი საწარმოო პრაქტიკის  – GMP –ის, ასევე  GDP-ის  სტანდარტები. სტანდარტის დანერგვის სტრატეგია შემოთავაზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ კადრების მომზადება მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც უწყება უზრუნველყოფს, შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებს დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები სააგენტოს წინაშე, ასევე, გათვალისწინებულია აღნიშნული კადრებისთვის კვალიფიკაციის შესაბამისი ადეკვატური ანაზღაურება.

მსგავსი