გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა მიმდინარეობს.

მოხატვის დროს დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ახალგაზრდებს მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი სოლიდარობაა და ახალგაზრდები ჩვენი დედაქალაქის გალამაზებაში მონაწილეობას იღებენ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი თბილისში გაგრძელდება, რადგან გვინდა, რომ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები იყოს მოწესრიგებული. სამუშაოები გაგრძელდება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში იქნება სისუფთავე და წესრიგი“, – ნათქვამია კახა კალაძის ვიდეომიმართვაში.

მიწისქვეშა გადასასვლელებს 30 მხატვარი მოხატავს. პროექტში მონაწილეობის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა.