გმირები კრაისტჩერჩიდან, რომლებმაც ტერაქტების დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვები გადაარჩინეს
გმირები კრაისტჩერჩიდან, რომლებმაც ტერაქტების დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვები გადაარჩინეს

ახალი ზელანდიის პატარა ქალაქში, კრაისტჩერჩში 15 მარტს მომხდარი ტერაქტები ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ჯერ ალ ნურის, შემდეგ კი ლინვუდის მეჩეთებში განხორციელებული თავდასხმების დროს ბრენტონ ტარანტმა 50 ადამიანი მოკლა, ათობით პირი კი დაჭრა.

თუმცა, როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვების დასაცავად თავდამსხმელს შეეწინააღმდეგნენ.

ერთ-ერთი ასეთი ნაემ რაშიდი იყო. 50 წლის პაკისტანელი და მისი 25 წლის შვილი ტერაქტის დღეს ალ ნურის მეჩეთში იმყოფებოდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობაში შესვლის დროს ბრენტონ ტარანტს რაშიდი წინ უდგება და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს. თავდამსხმელმა ის ადგილზე მოკლა. ტერაქტის დროს დაიღუპა მისი შვილიც.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნაემ რაშიდი და მისი ოჯახი ახალ ზელანდიაში 2010 წლის შემდეგ ცხოვრობდა.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ბოროტმოქმედს წინააღმდეგობა გაუწია ავღანელი აბდულ აზიზია. ის თავდასხმის დღეს პარასკევის ლოცვას ლინვუდის მეჩეთში ოჯახთან ერთად ესწრებოდა. 48 წლის აზიზის გამბედაობამ თავდამსხმელს ხოვცა-ჟლეტის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შუადღის ორ საათზე მეჩეთში მყოფებმა სროლის ხმები გაიგონეს. თავდაპირველად თავდამსხმელი პოლიციელი ეგონათ, თუმცა მალევე შეამჩნიეს რამდენიმე ადამიანი, რომელიც ბრენტონ ტარანტს უკვე მოკლული ჰყავდა.

თავდამსხმელმა მეჩეთთან მყოფებს უთხრა, დამორჩილებოდნენ, მაგრამ აბდულ აზიზი საფრთხის მიუხედავად მისკენ დიდი სისწრაფით წავიდა, წინააღმდეგობა გაუწია და მეჩეთში შესვლის საშუალება არ მისცა. აბდულ აზიზის გამბედავმა საქციელმა თავდამსხმელი დააბნია და საკუთარი ავტომობილისკენ გაიქცა. აზიზიმ ამით ისარგებლა და ბრენტონ ტარანტს საკრედიტო ბარათების ავტომატი ესროლა, რის შემდეგაც, ბრენტონ ტარანტის ხელიდან დავარდნილი ერთ-ერთი იარაღი აიღო და თავდამსხმელს დაუმიზნა.

აბდულ აზიზის წინააღმდეგობის შემდეგ ბრენტონ ტარანტი საკუთარი ავტომობილით ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

49 წლის აბდულ აზიზი ავღანეთში, ქაბულში დაიბადა. 25 წლის წინ ის ავსტრალიაში ჩავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო. ახალ ზელანდიაში საცხოვრებლად კი რამდენიმე წლის წინ გადავიდა.

თვითმხილველების თქმით, რომ არა აბდულ აზიზის გამბედაობა, ბოროტმოქმედი მეჩეთში შევიდოდა და მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.