გლენ ჰოვარდი – პუტინის კომენტარი საქართველოს ოკუპანტობაზე აბსურდია და ის ამ განცხადებებით ცდილობს, დააშინოს საქართველო

11:45, 17.07.2019

„ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აფასებს.

მისი თქმით, პუტინის კომენტარი საქართველოს ოკუპანტობაზე აბსურდია და ის ამ განცხადებებით ცდილობს, დააშინოს საქართველო.

ჰოვარდი თვლის, რომ საჭიროა ნატო-სა და ამერიკასთან მეტი თანამშრომლობა სამხედრო და სხვა დონეებზე, რათა რუსეთმა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დასავლელი პარტნიორები საქართველოს თავდაცვაში დაეხმარებიან.

ამასთან, ჟურნალისტმა გლენ ჰოვარდს ჰკითხა: „რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის არ დაეთანხმება სანქციებს საქართველოზე, ქართველი ხალხის პატივისცემის გამო. თუმცა, მანამდე ქართველებს ოკუპანტები უწოდა და ოსების გენოციდში დასდო ბრალი. გარდა ამისა, საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამის ფონზე როგორ შეფასებით მის კომენტარს?“

„ვფიქრობ, პუტინის განცხადება შეგვიძლია გავიგოთ როგორც აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ასევე, ეს იყო იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადება, რომელიც საქართველოს ხედავს როგორც მხოლოდ პატარა მეზობელს, რომლის დასჯაც და შეურაცხყოფაც შესაძლებელია. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს თავად აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია. ვფიქრობ, თუ ვინმემ იცის [კავკასიის] რეგიონის ისტორია, მიხვდება, რომ პუტინის სიტყვები უკიდურესად აბსურდულია. მაგრამ ესაა ნაწილი იმისა, თუ როგორ სჯის რუსეთი საქართველოს. მიდის ფსიქოლოგიური ომიც, რომ დააშინოს და როგორმე შემდეგში გამოიწვიოს უკმაყოფილება და დაძაბულობა საქართველოში, რადგან მას სურს, რომ საქართველო არასტაბილური გახდეს“, – განაცხადა გლენ ჰოვარდმა.

მსგავსი