გლდანში ბანკის დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
გლდანში ბანკის დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

გლდანში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდა. უფლებადამცველის თქმით, პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები და გაუგებარია, რატომ შეეფარდათ პატიმრობა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, მათი არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა, რადგან ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე იყო.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.