გიზი მამაგეიშვილი - ასმაგად მოტივირებულები ვიყავით, რადგან ნორვეგიის ამ თაობასთან 4:0 გვქონდა წაგებული [ვიდეო] #1TVSPORT
გიზი მამაგეიშვილის ერთადერთი გოლით საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფის ბოლო მატჩი ქალაქ ლარვიკის „ფრამპარკენზე“ მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა.
„საბურთალოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ჯგუფის ლიდერს კუთხურიდან გაუტანა და ულამაზესი გოლით ვასილ მაისურაძის გუნდის ეს წარმატება კიდევ უფრო გაალამაზა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ორი შეხვედრა მოიგო, კოსოვოსთან და ნორვეგიასთან, ორივე 1:0 და ორივე შემთხვევაში გოლი ძმებმა გაიტანეს – კოსოვოსთან თავი გიზის ტყუპისცალმა, ოთო მამაგეიშვილმა გამოიჩინა.
გიზი მამაგეიშვილმა კომენტარი საქართველოს პირველ არხთან ამ წარმატებაზე, საკუთარ გოლსა და გუნდის გამოსვლაზე გააკეთა.
„თამაშზე რაც შეიძლება ვთქვა – ყველა ასმაგად მოტივირებულები ვიყავით, რადგან ორიოდე წლის წინ ნორვეგიის ამ თაობის ნაკრებთან ესპანეთში 4:0 წავაგეთ და ყველას სურვილი რევანშის აღება იყო. მიხარია, რომ ეს შევძელით. ასმაგად სასიხარულო ისაა, რომ, როცა ჯგუფში პირველ ადგილზე სწორედ მათ ქვეყანაში, ნორვეგიაში გამართულ მინიტურნირზე გავედით“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიზი მამაგეიშვილი.
„საბურთალოს“ ნახევარმცველი გახარებულია, რომ რომ გუნდმა მიზანს მიაღწია:
„ჩვენი მიზანი იყო ელიტრაუნდში გასვლა. ჩვენი თაობა 17-წლამდელთა ნაკრებში ელიტრაუნდში გასულები ვიყავით და წინა წელს უნდა გვეთამაშა, მაგრამ ტურნირი კორონავირუსის გამო ჩაგვეშალა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მიზანს ახლაც მივაღწიეთ და ეს ჩემი გოლით შვძელით და რაც მთავარია, გუნდმა მიზანს მაიღწია. ძალიან ბედნიერი ვარ“.