გივი მიქანაძეს პარლამენტში, სავარაუდოდ, დავით დოლიძე შეცვლის. ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მანამდე მიქანაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. კომიტეტის დადგენილების პროექტს დღეს რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული იქნა ქვეყნის განათლების,მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრად. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ბატონ გივი მიქანაძეს ეს მაღალი საპასუხისმგებლო პოზიცია და ვუსურვო წარმატება თავის საქმიანობაში. როგორც მოგეხსენებათ, ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახლდათ, შესაბამისად, ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ საკითხს და უკვე მექნება იმის საფუძველი, რომ დღეს პარლამენტის სესიაზე დადგენილების პროექტი გავაცნო საზოგადოებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.