გივი მიქანაძემ საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო
გივი მიქანაძემ საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის კონცეფციასაც უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებას წარუდგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია განათლების ხარისხის ზრდა და სტუდენტებისთვის, თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების მიზნით, კიდევ უფრო ფართო ასპარეზის შექმნა.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ისევე როგორც პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„თავის მხრივ, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების კუთხით სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ნილს კრისტენსენი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის დონორებთან ურთიერთობის კოორდინატორი დავით მუშკუდიანი და გაერო-ს ბავშვთა ფონდის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე.