პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს, ფირუდი გურბანოვს და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს – ინდირა ჰაჯიევასა და ფარხად ჰაჯიევს შეხვდა.
მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამაზე, რომელიც ივლის-აგვისტოში განხორციელდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მსგავსი ფორმატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.