გივი მიქანაძე - ყველა პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე
გივი მიქანაძე - ყველა პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

„გადათვლის შედეგად მიღებული შედეგები შევადარეთ იმ შედეგებს, რომელიც ცესკო-ს მიერ ატვირთული იყო საბოლოო შემაჯამებელი ოქმების სახით. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რაც კომისიამ დაადგინა. განსხვავებები იყო იმდენად მიზერული, რომ არანაირი გავლენა არ შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე“, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე.

„გასული ორთვე-ნახევრის განმავლობაში, საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარდა 16 სამუშაო შეხვედრა. კომისიამ სხვადასხვა უწყებას მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები. თავიდანვე განისაზღვრა კონკრეტული მეთოდოლოგია, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. ამ კუთხით, საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალური აქცენტი გაამახვილა ყველაზე პრობლემურ უბნებზე. ანუ უბნებზე, სადაც დაფიქსირდა ყველაზე დიდი დისბალანსი ნაკლებობით და მეტობით. ყველა პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ყველა უბნის შერჩევა, სადაც განხორციელდა გადათვლის პროცესი, მოხდა საჯაროდ, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.