გივი მიქანაძე - ყველა პროცედურული თუ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, არავის მივცემთ საშუალებას, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით მავნებლური, ზიანზე ორიენტირებული კომისია შეიქმნას
გივი მიქანაძე - ყველა პროცედურული თუ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, არავის მივცემთ საშუალებას, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით მავნებლური, ზიანზე ორიენტირებული კომისია შეიქმნას

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის თემით ოპოზიციას სურს, ის წარმატებული პროცესი გადაფაროს, რაც მმართველი გუნდის თაოსნობით 12 რეკომენდაციის თვალსაზრისით ხორციელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციის უფლებას არავის მისცემენ.

„დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ძალიან მყარი და მტკიცე პოზიცია გვაქვს, რაც, პირველ რიგში, გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევის მცდელობის საშუალებას არავის არ მივცემთ. ასევე არავის არ მივცემთ დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციის უფლებას. ამ პროცესით ოპოზიციას სურს, რომ ის წარმატებული პროცესი გადაფაროს, რაც მმართველი გუნდის თაოსნობით 12 რეკომენდაციის თვალსაზრისით ხორციელდება. სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ, პარლამენტის რეგლამენტი არ ცნობს მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს. ამიტომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის, რომ ჩვენ ამ კომისიას არ დავუჭიროთ მხარი და არც დავუჭერთ. თუ საჭიროება იქნება, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ თუ სამართლებრივ მექანიზმებს, რითიც ოპოზიციას საშუალებას არ მივცემთ, რომ პარლამენტში ქვეყნისა და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ასეთი მავნებლური და ზიანზე ორიენტირებული კომისია შეიქმნას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.