გივი მიქანაძე – ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას სხვა შენობის აშენება იგეგმება, ეს არის ტყუილი, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა

00:04, 25.09.2026

სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რამე სხვა შენობის აშენება იგეგმება, ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იქნება ეს 21-ე საჯარო სკოლა თუ სხვა, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 21-ე საჯარო სკოლის მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვერავინ დამისახელებს ერთ პრეცედენტსაც კი, რომ ბოლო წლებში რომელიმე ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა და იმის ნაცვლად, სკოლის გარდა, რამე სხვა აშენდა. არ არსებობს ასეთი რამ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დასწრებით ფორმატში აღდგეს.

„კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის, 21-ე საჯარო სკოლაში აღდგეს სწავლა-სწავლების პროცესი.

ჩვენი სამინისტროს შესაბამისი წერილი და მიმართვა გაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმ თხოვნით, რომ ეს სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელდეს.

დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, შევხვდით 21-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მშობლებს, პედაგოგებს და განვუმარტეთ, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ, რა გადაწყვეტილებამდე მივედით და ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ.

ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, სასწავლო წლის ბოლომდე მივიყვანოთ სწავლა-სწავლების პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სამუშაოები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ამაზე დღეს გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი საუბარი. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, მოვისმინეთ მშობლების პოზიციები და ჩვენც დეტალურად გავაცანით მიღებული დასკვნები.

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, არაფერი გვაქვს დასამალი საზოგადოებისგან და მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ბავშვებს, პედაგოგებს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათი სწავლის გაგრძელებას.

განხილვების შედეგად მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი და გაჟღერდა თხოვნა, რომ იქნებ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობასთან, მშენებლებთან და ექსპერტებთან ერთად, ესტუმრა სკოლას და დაათვალიერა შენობის დაზიანებები.

შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება, დასჭირდეს იმ პროცესებს, რაც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების, ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია, სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მსგავსი