გივი მიქანაძე - ვენეციის კომისიის მხრიდან ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით კონსტრუქციული დასკვნები გაკეთდა, მზად ვართ, ეუთო/ოდირის დასკვნების შემდეგ აქტიური განხილვები გაგრძელდეს
გივი მიქანაძე - ვენეციის კომისიის მხრიდან ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით კონსტრუქციული დასკვნები გაკეთდა, მზად ვართ, ეუთო/ოდირის დასკვნების შემდეგ აქტიური განხილვები გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განაცხადებით, საერთო სასამართლოებისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან კონსტრუქციულია.

მისივე თქმით, როგორც კი ამ კანონპროექტებთან მიმართებით ეუთო/ოდირის დასკვნებიც გამოქვეყნდება, მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება.

„12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე გადავადდა, რომ ექსპერტული დასკვნისთვის რიგი კანონპროექტები გავაგზავნეთ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აღიარა, რომ უკრაინული ვერსიის ანალოგია, რაც ქართულად იყო თარგმნილი. დასკვნაში დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია შესაძლებლად მიიჩნევს, დეოლიგარქიზაციის შესახებ ცალკე კანონი არსებობდეს და გარკვეულ რეკომენდაციას გამოთქვამს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს რაც შეეხება, ვენეციის კომისიის მიერ ცვლილებები მიჩნეული იქნა მისაღებ ფაქტორად. ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნაში რაიმე კონკრეტული შენიშვნა გამოთქმული არ არის, თუმცა გარკვეული მინიშნებაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. საუბარია ერთგვარ კორპორატივზე, რითიც ვენეციის კომისია გასცდა იმ ფარგლებს, რაც კონკრეტული დოკუმენტის შეფასებასთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების კონტექსტიდან გამომდინარე უფრო იხელმძღვანელა. დასკვნაში თავად ამბობენ, რომ კორპორატივთან დაკავშირებით ვენეციის კომისია დადასტურებულად ვერ საუბრობს, ამბობს, რომ მას სმენია, თუმცა კორპორატივიზმის თაობაზე რაიმე მტკიცებულებები არ არსებობს, ისევე, როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია აბსოლუტურად მართებულად და ლეგიტიმურად მიიჩნევს, რომ პარლამენტი დაელოდოს საკითხების განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, პარლამენტმა კანონმდებლობაში ასახვის თაობაზე იმსჯელოს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან კონსტრუქციული დასკვნები გაკეთდა. მზაობას გამოვთქვამთ, რომ როგორც კი ამ კანონპროექტებთან მიმართებით ეუთო/ოდირის დასკვნებიც მოვა, ორივე დასკვნის ფონზე აქტიური განხილვები, მსჯელობა გავაგრძელოთ საპარლამენტო ფორმატში, რათა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ორივე დოკუმენტთან მიმართებით საბოლოო პოზიცია და გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს. უახლოესი კვირების განმავლობაში ეუთო/ოდირის დასკვნაც უნდა გამოქვეყნდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.