გივი მიქანაძე - ვატიკანში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის ვატიკანის ბიბლიოთეკა გაიხსნას
ვატიკანში საპარლამენტო დელეგაციას უმაღლესი რანგის შეხვედრა ჰქონდა, რომლის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში გაფორმდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, მემორანდუმის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქართველი მეცნიერებისთვის და მკვლევრებისთვის ვატიკანის ბიბლიოთეკა გაიხსნას და იქ დაცული ინფორმაცია საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი გახდეს.
„ასევე, საუბარი გვექნება იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი მკვლევრები გააგზავნონ. არის სპეციალური პროგრამები და შეთანხმებას მივაღწიეთ იმაზე, რომ ჩაერთონ ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები, რომლებიც გაივლიან შესაბამის გადამზადებას. ვფიქრობ, რომ ეს მეცნიერული და კვლევითი საქმიანობის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ვატიკანის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი საცავების მქონე. აქ დაცულია ძალიან ბევრი ისტორიული წყარო მე-15 საუკუნიდან დაწყებული დღემდე. ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მიქანაძემ.