გივი მიქანაძე - ვაპირებთ სასწავლო სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლას, ჩვენი მიზანია, ორწლიან ციკლში მთლიანად დავასრულოთ ყველა კლასის სახელმძღვანელოს შემუშავება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იგეგმება სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლა.
მიქანაძის თქმით, სამინისტროს მიზანია, რამდენიმე კლასისთვის მომავალი სასწავლო წლიდან არსებობდეს პირველი სახელმძღვანელოები, ორწლიან ციკლში კი ყველა კლასის სახელმძღვანელოს შემუშავება დასრულდეს.
„ჩვენ ვაპირებთ პროგრამის და სასწავლო სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლას, გამომდინარე იქიდან, რომ შარშან სამინისტროსა და პარლამენტის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი. ეს არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ე.წ. სასკოლო კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და ამ დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი ღირებულებები, რომლებზეც უნდა იყოს ორიენტირებული როგორც სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო მეთოდოლოგია და სასწავლო პროცესი. შესაბამისად, ამ ღირებულებებს თუ ჩავხედავთ, ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ღირებულებებისგან, რაც ეწერა მის წინამორბედ დოკუმენტში, რომელიც 2004 წელს იყო მიღებული და ძირითადად იყო ორიენტირებული ლიბერალურ ღირებულებებზე. ახლა ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ორიენტირებულია ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტის მიხედვით მოვამზადეთ ჰუმანიტარული მიმართულების საგნების ახალი სტანდარტის პროექტი, რომლის განხილვასაც უახლოეს კვირებში ვაპირებთ შესაბამისი დარგის პედაგოგებთან და ეს იქნება ფართო განხილვა. უნდა ვაჩვენოთ, პროგრამაში კლასების მიხედვით რა მასალებია გათვალისწინებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში. ჩვენ უნდა ვნახოთ, მათი პოზიცია რა იქნება და ამ შეჯერებული პოზიციით უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. ამიტომ, რაც დამტკიცდება, დაედება საფუძვლად იმას, რომ ჩვენ ახალი სახელმძღვანელოების მომზადება, შემუშავება დავიწყოთ. ჩვენი მიზანია, რამდენიმე კლასისთვის უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან გვქონდეს პირველი სახელმძღვანელოები საუკეთესო შემთხვევაში და ვართ ამაზე ორიენტირებული, რომ ორწლიან ციკლში მთლიანად დავამთავროთ ყველა კლასის სახელმძღვანელო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.