გივი მიქანაძე - უახლოეს დღეებში სასკოლო საზოგადოებასთანაც ვგეგმავთ შეხვედრებს, რათა მოვისმინოთ მათი პოზიციები და დავინახოთ, როგორია მათი ხედვა
გივი მიქანაძე - უახლოეს დღეებში სასკოლო საზოგადოებასთანაც ვგეგმავთ შეხვედრებს, რათა მოვისმინოთ მათი პოზიციები და დავინახოთ, როგორია მათი ხედვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სასკოლო საზოგადოებასთანაც იგეგმება შეხვედრები, რათა მოისმინონ მათი ხედვა.

„სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის პრეზენტაციას, რომელიც ასევე იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ შემდგომში სამსჯელო იყოს საზოგადოებასთან. თუმცა უახლოეს დღეებში უკვე სასკოლო საზოგადოებასთანაც ვგეგმავთ  შეხვედრებს, რათა მოვისმინოთ მათი პოზიციები კონკრეტულ შეთავაზებასთან მიმართებაში და დავინახოთ, როგორია მათი ხედვა. ეს არის, პირველ რიგში, საკითხავი ჩვენი პედაგოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ხედავენ პრაქტიკაში, ეს პროცესები რას საჭიროებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან. ძალიან კარგად ვიცით სამინისტროში ამის შესახებ, თუმცა გვინდა, ეს პროცესი იყოს მათი ჩართულობით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მიქანაძის განმარტებით, 11 კლასი არის სრულიად საკმარისი, რათა სრული ზოგადი განათლება მიიღონ ახალგაზრდებმა.

„ჩვენ ვაპირებთ პროგრამის და სასწავლო სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლას, გამომდინარე იქიდან, რომ შარშან სამინისტროსა და პარლამენტის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი. ეს არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ე.წ. სასკოლო კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და ამ დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი ღირებულებები, რომლებზეც უნდა იყოს ორიენტირებული როგორც სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო მეთოდოლოგია და სასწავლო პროცესი. შესაბამისად, ამ ღირებულებებს თუ ჩავხედავთ, ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ღირებულებებისგან, რაც ეწერა მის წინამორბედ დოკუმენტში, რომელიც 2004 წელს იყო მიღებული და ძირითადად იყო ორიენტირებული ლიბერალურ ღირებულებებზე. ახლა ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ორიენტირებულია ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტის მიხედვით მოვამზადეთ ჰუმანიტარული მიმართულების საგნების ახალი სტანდარტის პროექტი, რომლის განხილვასაც უახლოეს კვირებში ვაპირებთ შესაბამისი დარგის პედაგოგებთან და ეს იქნება ფართო განხილვა. უნდა ვაჩვენოთ, პროგრამაში კლასების მიხედვით რა მასალებია გათვალისწინებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში. ჩვენ უნდა ვნახოთ, მათი პოზიცია რა იქნება და ამ შეჯერებული პოზიციით უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. ამიტომ, რაც დამტკიცდება, დაედება საფუძვლად იმას, რომ ჩვენ ახალი სახელმძღვანელოების მომზადება, შემუშავება დავიწყოთ. ჩვენი მიზანია, რამდენიმე კლასისთვის უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან გვქონდეს პირველი სახელმძღვანელოები საუკეთესო შემთხვევაში და ვართ ამაზე ორიენტირებული, რომ ორწლიან ციკლში მთლიანად დავამთავროთ ყველა კლასის სახელმძღვანელო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.