გივი მიქანაძე - უახლოეს დღეებში იქნება საბოლოო მსჯელობა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით
გივი მიქანაძე - უახლოეს დღეებში იქნება საბოლოო მსჯელობა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, უახლოეს დღეებში იქნება საბოლოო მსჯელობა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები და ყველა დონეზე დინამიურად ვითარდება ეს ურთიერთობა.

მოგეხსენებათ, რომ ერთი წლის წინ მთავრობის მიერ მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციული როლი, როდესაც მან სცადა ამ ორმხრივ ურთიერთობებში თავისი დღის წესრიგი შეეტანა. ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო განხორციელებული, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები, განსაკუთრებით ევროატლანტიკური მისწრაფების თვალსაზრისით და მინდა გითხრათ, რომ ყველა დონეზე ძალიან კარგად და დინამიურად ვითარდება ეს სტრატეგიული თანამშრომლობა. ამ კონტექსტის და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის შექმნილი საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობა, რის თაობაზეც გუშინ საგარეო ურთიერთობა საპარლამენტო კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადება, ჩვენ ვხედავთ აშშ, ევროკავშირის თუ ცალკეული ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაკეთებულ განცხადებებს პროცესის დეესკალაციასთნ მიმართებაში რუსეთის მისამართით. ჩვენ ვფიქრობთ, ელჩის დაბრუნების საკითხი სამსჯელოა. ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, შემდგომი პროცესების მხარდაჭერისთვის ელჩის იქ ყოფნას შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი არგუმენტაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამას კიდევ ერთი დეტალური განხილვა დასჭირდება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მიქანაძემ.