გივი მიქანაძე - თვითონ ოპოზიციას უნდა, მელიას საქმეში პოლიტიკური მდგენელი შემოიტანოს, მაგრამ აქ პოლიტიკური მდგენელი ვერ იქნება
გივი მიქანაძე - თვითონ ოპოზიციას უნდა, მელიას საქმეში პოლიტიკური მდგენელი შემოიტანოს, მაგრამ აქ პოლიტიკური მდგენელი ვერ იქნება

თვითონ ოპოზიციას უნდა, მელიას საქმეში პოლიტიკური მდგენელი შემოიტანოს, მაგრამ აქ პოლიტიკური მდგენელი ვერ იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„რადგან ეს ადამიანი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, ამიტომ, თურმე, არ შეიძლება, ამ ადამიანმა კანონისა და სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს. აი, ეს არის მათი მიდგომა და ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. როდესაც პროკურატურა დასაბუთებულად გეუბნება, რომ კანონი დაარღვიე, როდესაც საზოგადოებამ ძალიან თვალნათლივ დაინახა, რომ ადამიანი გამოდის და გეუბნება, მე კანონს არ შევასრულებ, გირაოს არ გადავიხდი და კანონზე მაღლა ვდგევარო, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს?!“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამ განცხადებით გივი მიქანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება 8 მარტის შეთანხმების შემადგენელი ნაწილი და ხედავს თუ არა ნიკა მელიას საქმეში პოლიტიკურ მდგენელს.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ ვექტორის პარლამენტისკენ გადატანა არასწორია, ისევე როგორც სასამართლოსკენ. 

გივი მიქანაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ კანონისა და სამართლის უზენაესობა პატივცემული არ იქნება, ქვეყანა წინ ვერ წავა.

„ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამართლის წინაშე ყველა ვართ ვალდებული, კანონის მოთხოვნას დავემორჩილოთ და თუ რაღაცას დავარღვევთ, პასუხი უნდა ვაგოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეკითხვაზე, რა განცხადებებს ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიქანაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ მეცხრე მოწვევის პარლამენტში გატარებული მეოთხე ტალღის რეფორმა ძალიან წარმატებულად იქნა აღიარებული და მათგან დადებით შეფასებებს ელოდება.

„თუ საერთაშორისო რეიტინგებს გადახედავთ, ნახავთ, რომ საქართველოს სასამართლო, თავისი ხარისხითა და დამოუკიდებლობით, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების სასამართლოებზე წინ დგას“, – განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ჰარცელმა აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი უპატივცემულობა, უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი დემოკრატიისთვის საფრთხეს შეიცავს.

„მისი მხრიდან გამოთქმული პოზიცია აღქმადია იმ კონტექსტში, რომ სასამართლოს მიმართ არის გარკვეული უპატივცემულობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ნიკანორ მელიამ სასამართლოს მიერ დადგენილი გირაოს ოდენობა არ გადაიხადა და ამის სამართლებრივი პროცესების წაძღოლამ, რომელიც კანონის ფარგლებშია, შეიძლება, უფრო მეტი პოლარიზაცია მოიტანოსო“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეკითხვაზე, რას უზამს სახელმწიფო ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს წინ ფიზიკურად აღუდგებიან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ შესაბამის ნაბიჯს გადადგამს ყველა ის უწყება, რომელთა კომპეტენციაშიც არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

„ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ თუ სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომში არ სრულდება, პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლება ერთვება. ეს პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს და კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.