გივი მიქანაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების დიდი შრომის შედეგად არის მიღწეული, ჩვენ საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ
გივი მიქანაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების დიდი შრომის შედეგად არის მიღწეული, ჩვენ საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ

მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა საქართველოსთვის 130 მილიონამდე კომპენსაცია უნდა გასცეს, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოში კონკრეტული საქმე წააგო. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, თუ როგორი აგრესია ჩაიდინა რუსეთმა საქართველოს მიმართ და რა უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ 2008 წლის ომის სარჩელზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად არის მიღწეული.

„ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება. იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს და ყველა საზღვარს გადასცდა, რომ რაღაცნაირად საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დააკავშიროს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. ჩვენ საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და დგას იმ ღირებულებებთან მიმართებაში, რომლებიც დასავლეთის ღირებულებებს წარმოადგენს.

ჩვენ წინ ღირსეულად მივიწევთ, რათა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საფუძველზე მივიღოთ სტატუსი, რომელიც შარშან უსამართლოდ არ მოგვცეს. რუსეთთან მიმართებაში საქართველოს რა დამოკიდებულებაც აქვს, დადასტურდა ამ გადაწყვეტილებით და სხვა კონკრეტული ქმედებებით, მათ შორის, იმ ასობით რეზოლუციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერად, 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დაწყებული აგრესიის პირველივე დღიდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

2008 წლის ომის სარჩელზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.