გივი მიქანაძე - საზოგადოებისთვის ცალსახად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი დაფინანსების წყარო არის კრიმინალური
გივი მიქანაძე - საზოგადოებისთვის ცალსახად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი დაფინანსების წყარო არის კრიმინალური

საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ოპოზიციის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყარო არის ე.წ. ქოლცენტრები, გამოძიებას აწარმოებენ ქართველი და ევროპელი სამართალდამცავები, მათ ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი „ქოლცენტრი“ გამოავლინეს, კერძოდ, მტკიცებულებები, თუ როგორი მაქინაციებით და კრიმინალური გზით ხდება ფულის მოპოვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის გზა, რითიც ოპოზიცია იღებს დაფინანსებას.

„საზოგადოებისთვის ცალსახად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი დაფინანსების წყარო არის კრიმინალური. ჩვენ გამოძიების საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, თუმცა კონკრეტული ფაქტები არსებობს და „ბიბისიმ“ გამოძიების შედეგები წარმოადგინა, რაც ცხადყოფს, რომ „ქოლცენტრები“ არის ის სქემა, რითიც ოპოზიცია დაფინანსებას იღებს. ოპოზიციის მცდელობაა, რომ ახლა როგორმე ეს საკითხი გადაფაროს. ამიტომ ითხოვენ დროებით საგამოძიებო კომისიას, რაც აბსურდული და უსაფუძვლოა. მათი მიზანია, როგორმე კეზერაშვილმა იმ მტკიცებულებების შესახებ შეიტყოს, რომელიც მის წინააღმდეგ არსებობს და ამ საგამოძიებო კომისიამ ამას ხელი შეუწყოს. პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, ჩვენ სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ სრული ნდობა გვაქვს. ნახეთ, რომ არის მაღალი ხარისხის ეფექტიანი თანამშრომლობა ქართველ და ევროპელ სამართალდამცავებს შორის. ეს გამოძიება ბოლომდე არ არის დასრულებული და ამ გამოძიების შედეგებს დაველოდებით“, – განაცხადა მიქანაძემ.