გივი მიქანაძე - საქართველოსთან მიმართებაში რაიმე კითხვის ნიშნების დასმის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ჩვენ სრულფასოვნად ვასრულებთ ვალდებულებას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე
გივი მიქანაძე - საქართველოსთან მიმართებაში რაიმე კითხვის ნიშნების დასმის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ჩვენ სრულფასოვნად ვასრულებთ ვალდებულებას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე

საქართველო იყო და არის სოლიდარული უკრაინის და უკრაინელი ხალხის, რადიკალურ ძალებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი, გამოიგონონ, საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ არაერთი მცდარი ინფორმაცია, თითქოს არის შემთხვევები, როდესაც საქართველო გამოყენებულია რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო იმისა, თითქოს საქართველო ვინმეს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

„დღემდე ერთი კონკრეტული ფაქტიც ვერ დადასტურდა. ვერც დადასტურდებოდა, რადგან ბუნებაში არ არსებობს და ვერც ვერასდროს იარსებებს, რომ რუსეთმა შეძლოს, საქართველოს მეშვეობით რომელიმე სანქციას გვერდი აუაროს. ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ და ეს განმტკიცებულია კონკრეტული გარემოებებით. ვერცერთი კონკრეტული ფაქტი დღემდე რადიკალების მიერ, მათი ძალიან დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, ვერ იქნა წარმოდგენილი. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება არის კიდევ ერთხელ შეხსენება იმისა, თუ რას ფიქრობს და სად დგას ცივილიზებული სამყარო. ჩვენ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. ყოველთვის ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის ის, რასაც სრულფასოვნად მხარს ვუჭერთ. ეს ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციასა თუ სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში ავსახეთ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით. ამიტომ საქართველოსთან მიმართებაში რაიმე კითხვის ნიშნების დასმის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუმცა ისიც გვესმის, რომ რადიკალურ ფრთას, როგორც ოპოზიციას, ასევე მედიასაშუალებებს, სურთ, რომ ზოგადად გაჟღერებული განცხადებებით, გარკვეულწილად, ვექტორი გადმოიტანონ საქართველოზე, რაც საქართველოსთან მიმართებაში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ აქტუალური არ არის. ჩვენ სრულფასოვნად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მიქანაძემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს“.