გივი მიქანაძე - სამწუხაროა, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა „ქართული ოცნების“ შეთავაზებები უგულებელყო და არც საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა გაიზიარა
გივი მიქანაძე - სამწუხაროა, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა „ქართული ოცნების“ შეთავაზებები უგულებელყო და არც საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა გაიზიარა

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა წარმოადგინა ბრალდებები, რომ არჩევნების შედეგები არ შეესაბამებოდა კონკრეტული ნების გამოხატულებას.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მიერ მყისიერად გამოითქვა პოზიცია და ოპოზიციას შესთავაზეს ასობით საარჩევნო უბნის გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ჩანაწერების ამოღება და მათი გაშიფვრა, სატელევიზიო ტელედებატები, საპარლამენტო ფორმატში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სიღრმისეულად შეისწავლიდა და გამოიკვლევდა ყველა იმ საკითხს, რომელსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო კითხვის ნიშანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაინიცირდა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, ყველა შეთავაზება, მათ შორის, საარჩევნო კომისიის შექმნისა და მასში მონაწილეობის თაობაზე, არ გაიზიარა.

„სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა აღნიშნული შეთავაზებები უგულებელყო, არ მიიღო, და შესაბამისად, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა გაიზიარა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.