გივი მიქანაძე - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრია, შრომის ინსპექციამ თანამშრომლების შევიწროებაში ამხილა, ეს მიუღებელი და საგანგაშო ფაქტია
გივი მიქანაძე - რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრია, შრომის ინსპექციამ თანამშრომლების შევიწროებაში ამხილა, ეს მიუღებელი და საგანგაშო ფაქტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრია, შრომის ინსპექციამ საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

მიქანაძის განცხადებით, ადამიანმა, რომელსაც არანაირი ინიციატივა არ ჰქონია და თორმეტი თვის განმავლობაში თოთხმეტჯერ გამოიწერა პრემია, ინსპექციამ, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, თანამშრომლების შევიწროებაში ამხილა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რუსთავის მერიას საქმიანობაში ხელი შეუშალონ.

„ეს ძალიან საგანგაშო და მიუღებელი ფაქტია. ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისა და ზოგადად, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარესთან მიმართებაში მოხდა. ადამიანი, რომელსაც არანაირი ინიციატივა არ ჰქონია და თორმეტი თვის განმავლობაში თოთხმეტჯერ პრემია გამოიწერა, ინსპექციამ, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, თანამშრომლების შევიწროებაში ამხილა. ეს არის ის რეალური სახე, რასაც ემსახურებიან ეს ადამიანები. ისინი საქმეზე ორიენტირებულები არ არიან. ცდილობენ, რუსთავის მერიის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაბლოკონ და ამის არაერთი კონკრეტული ფაქტი ვნახეთ. ისინი მიზანმიმართულად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ რუსთავის მერიას საქმიანობაში ხელი შეუშალონ და პარალელურად, თავის გემოზე მოირგონ კონკრეტული პოზიციები. ეს არის სწორედ ის ტანდემი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შეკრეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.