გივი მიქანაძე - პარლამენტის ქუთაისის სასახლის ოპერირებისთვის წელიწადში 2.5 მილიონამდე ლარი იხარჯება
გივი მიქანაძე - პარლამენტის ქუთაისის სასახლის ოპერირებისთვის წელიწადში 2.5 მილიონამდე ლარი იხარჯება

პარლამენტის ქუთაისის სასახლის ფუნქციონირება წელიწადში 2.5 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თანხა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს და იმისთვის, რომ სასესიო პერიოდში პარლამენტი ქუთაისში ოპერირებდეს და შენობა ფუნქციონალურ რეჟიმში იმყოფებოდეს, პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად აღნიშნული ოდენობის თანხა იხარჯება.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისში დეპუტატების საქმიანობისთვის დამატებით გამოყოფილ თანხებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის იურიდიული მისამართი არის ქალაქი ქუთაისი, შესაბამისად, ქუთაისში ჩამოსვლის დროს არანაირ დამატებით სამივლინებო ხარჯებს დეპუტატები არ იღებენ.

„მათ აქვთ მხოლოდ ხელფასი და იმ შემთხვევაში, თუ მათ უწევთ ქუთაისში დარჩენა, განთავსებასთან დაკავშირებულ თანხებს პარლამენტის წევრები საკუთარი ხარჯებიდან გასწევენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისის სასახლეში არსებული აპარატურის თბილისში გადატანის საკითხებზეც ისაუბრა.

„თბილისში არის გარკვეული აპარატურა, თუმცა იმ აპარატურის ნაწილის, რომელიც ქუთაისშია, მოხდება გადატანა და შესაბამისად, სათადარიგო ვარიანტად გამოყენება, რაც დამატებითი ეკონომიის მომენტს ქმნის. შესაბამისად, როდესაც პარლამენტის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება შევა ძალაში, პარლამენტის თბილისის სასახლე სრულ მზადყოფნაში იქნება, რათა სასესიო სხდომები ჩატარდეს და პარლამენტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი 2019 წლის იანვრიდან თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, შს სამინისტროს გადაეცემა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს.