გივი მიქანაძე - ოპოზიცია შოვის ტრაგედიით სპეკულირებს, მათ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლოა, საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება
გივი მიქანაძე - ოპოზიცია შოვის ტრაგედიით სპეკულირებს, მათ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლოა, საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება

3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პრევენცია ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რასაც დარგის ექსპერტები და შესაბამისი დასკვნები ადასტურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი უდიდესი ტრაგედიის ფონზე სრულიად მიუღებელ სპეკულაციებს აგრძელებს.

მიქანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლო, უადგილოა და მას უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.

„მთელმა საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა, ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. 3 აგვისტოს თავსდატეხილი სტიქიური უბედურების პრევენცია ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რასაც დარგის ექსპერტები და შესაბამისი დასკვნები ადასტურებენ. ჩვენი გმირი მაშველები და ჯარისკაცები 24-საათიან რეჟიმში სტიქიის ადგილზე არიან და სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ. ამ დროისთვის დაკარგულია 12 ადამიანი. ჩართულია ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება და გაზრდილია არეალი, სადაც სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ფონზე ოპოზიცია ჩვეულ რიტორიკას არ ღალატობს და ასეთი დიდი ტრაგედიით სპეკულირებს. ოპოზიცია არ აპირებს, კონცენტრირდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან, დეპოლარიზაციასთან, ასევე სხვა საკითხებთან და აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის. ცდილობენ, ასეთი მძიმე ტრაგედიაც კი პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოიყენონ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ინიციირება სწორედ ამ მიზნით არის გამსჭვალული და საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება. მათ სურთ, საზოგადოების წინაშე წარმოაჩინონ, თითქოს ხელისუფლებამ ყველაფერი არ გააკეთა მაშინ, როცა საზოგადოება დეტალურად ხედავს, რა საშუალებებით, როგორი რეაგირებით მოქმედებს ხელისუფლება. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლო და უადგილოა. ოპოზიციას შეუძლია, სხვა საპარლამენტო მექანიზმებით ისარგებლოს და კითხვები დასვას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.