გივი მიქანაძე - ოპოზიცია პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრისა და სუს-ის უფროსის ანგარიშებს არ დაესწრო, ისინი კრიმინალების გათავისუფლებით არიან დაკავებული
გივი მიქანაძე - ოპოზიცია პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრისა და სუს-ის უფროსის ანგარიშებს არ დაესწრო, ისინი კრიმინალების გათავისუფლებით არიან დაკავებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიცია არ დაესწრო პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრისა და სუს-ის უფროსის გამოსვლებს, რაც ნიშნავს, რომ სრულფასოვან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩართულან.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია მხოლოდ კრიმინალების გათავისუფლებით არის დაკავებული.

„პარლამენტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით კეთდება ანგარიში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ეს ორი მიმართულება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი და რისი მომსწრენი ვართ? ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, არც გუშინ და არც დღეს ამ სხდომებს არ ესწრება მაშინ, როცა დოკუმენტის ხელმოწერით მათ ვალდებულება აიღეს, რომ სრულფასოვან საპარლამენტო ცხოვრებას განახორციელებდნენ. ეს არ არის სრულფასოვანი საპარლამენტო ცხოვრება და რითი არიან ისინი დღეს დაკავებულნი? დაკავებულნი არიან კრიმინალების გათავისუფლებით და მათთან დაკავშირებული საკითხებით. რურუა როგორ გამოვიდა ციხიდან, ეს იყო მათი აქტუალური თემა. ახლა უკვე რა ფორმით უნდა დატოვოს საპატიმრო ნიკა მელიამ, ეს არის მათი დღის წესრიგი. საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა, რა ინტერესები ამოძრავებთ და რა არის მათი დღის წესრიგი. ოპოზიცია აიგნორებს და არ ითვალისწინებს, ჩვენი საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა მიქანაძემ.