გივი მიქანაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება 
გივი მიქანაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ თუ მოაწერს ხელს, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფაქტობრივად საკუთარი განცხადებების მძევლები გახდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, თინა ბოკუჩავას განცხადება ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

„რაც განაცხადეს და რისი პირობაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დადეს, იმის საწინააღმდეგოს გაკეთება მოუწიათ. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა, ისინი ცდილობდნენ, თავი რაღაცით დაეძვრინათ. თუკი ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ, „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ, ეს იქნება არასრულფასოვანი შემოერთება ამ დოკუმენტთან და პირადად ჩემთვის ეს მიუღებელი იქნება. თუ პასუხისმგებლობას იღებ, მთლიან დოკუმენტზე უნდა აიღო. თუ პასუხისმგებლობას იღებ დასავლურ ღირებულებებზე, უპირობოდ უნდა დაეთანხმო დოკუმენტს ისე, როგორც მმართველმა გუნდმა გააკეთა და ამით შესაძლებლობა მისცა მცირე ზომის პარტიებს გათავისუფლებულიყვნენ, რასაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მათ უქმნიდა და არ აძლევდა საშუალებას, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებულიყვნენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს, მაშინ მთლიან დოკუმენტზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.