გივი მიქანაძე – ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ

11:38, 28.11.2026

ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან ისტორიული თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა, მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების ნიჭიერ ახალგაზრდებს და  საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

„უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ჩვენი განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველთვის გამორჩეულ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებაზე, წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების და ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. დღეს მინდა, საზოგადოებას ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეზე გავუზიარო ინფორმაცია.

ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ პრესტიჟულ ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც, უახლოესი კვლევის თანახმად, ნომერ პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მეთერთმეტე ადგილს იკავებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს. ამ ისტორიული თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობისთვის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერისტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მონაწილეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები. საკონკურსო განაცხადის წარდგენა აბიტურიენტებს საგამონაკლისო წესით წელსვე შეეძლებათ. კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეეხება, შემდეგი წლიდან კი ამას მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელები შეძლებენ. შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს – ჰონგ კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ კონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კონკურსში მონაწილეობის პირობები, უახლოეს დღეებში განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.

მსგავსი