გივი მიქანაძე - გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბანზე დაშვებული იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რომლებსაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა
ხაზგასმით მინდა, განვაცხადო, რომ საბოლოო ჯამში ის ბალანსი, რომელიც წარმოდგენილი იყო, ამ გადათვლისა და ამ გამოკითხვის შედეგად, რეალურად გასწორდა და ჩვენ მივიღეთ სურათი, რომლითაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იყო დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რომლებსაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა, – განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
დღეს კომისიის წევრებმა გურჯაანის მე-3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებისგან და ამავე ოლქის თავმჯდომარისგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
გივი მიქანაძის შეფასებით, გასაუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეულწილად უყურადღებობის, უპასუხისმგებლობისა და ნაწილობრივ კომპეტენციის პრობლემა კომისიის წევრებს შორის, რამაც გამოიწვია ის კონკრეტული შეცდომები, რომლის აღმოფხვრა და ბალანსის გათანაბრება, რეალურად, შესაძლებელი გახდა, როდესაც პროფესიონალი მთვლელების მეშვეობით მოხდა უბნის გადათვლა.
მისი თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა. მიქანაძის განცხადებით, კომისიის წევრები აღნიშნულ ტექნიკურ შეცდომებს ხსნიან პანდემიის პირობებით გამოწვეული სტრესული გარემოთი და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ეკიპირების გამოყენებით, ასევე იმ ემოციური ფონით, რომელიც ამ არჩევნებთან იყო დაკავშირებული.