გივი მიქანაძე - გავრილოვი არის პროვოკატორი, აგრესორი ქვეყნის პარლამენტის წევრი, რომელსაც არასდროს არავინ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია და დესტაბილიზაცია შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში
გავრილოვი არის პროვოკატორი, ჩვენი მოწინააღმდეგე და აგრესორი ქვეყნის პარლამენტის წევრი, რომელსაც არასდროს არავინ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია და დესტაბილიზაცია შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „დასაფიქრებელია, რატომ ემთხვევა რიგ შემთხვევებში გავრილოვის განცხადებები იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციიდან მოდის“.
„საერთოდ არ არის სერიოზული იმ ადამიანის განცხადებაზე, რაღაც საპასუხო განცხადების გაკეთება, რომელიც არის პროვოკატორი, აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ძალიან არასასიამოვნო პროვოკაცია მოაწყო რამდენიმე წლის უკან. თუ შეფასებაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რატომ ემთხვევა რიგ შემთხვევებში გავრილოვის განცხადებები იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციიდან მოდის, ხომ არ არის ეს ერთმანეთის წისქვილზე წყლის დასხმა, როდესაც მაგალითად გავრილოვის მიერ გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ გამოიყენონ არგუმენტად, თითქოს გავრილოვი ზემოქმედებას ახდენს. გავრილოვი არის პროვოკატორი, არის ჩვენი მოწინააღმდეგე და აგრესორი ქვეყნის პარლამენტის წევრი, რომელსაც არასდროს არავინ არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია და დესტაბილიზაცია შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიქანაძემ.
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.