გივი მიქანაძე - განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტში თეთრზე შავით წერია, რომ მისი მიზანია, ბაზრის დაკვეთიდან გამომდინარე, ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა
გივი მიქანაძე - განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტში თეთრზე შავით წერია, რომ მისი მიზანია, ბაზრის დაკვეთიდან გამომდინარე, ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა

ზუსტად ის ადამიანები, ვინც ამ განცხადებას აჟღერებენ, ცდილობენ, პოლიტიზება მოახდინონ ამ პროცესის, მაშინ როცა დოკუმენტში თეთრზე შავით წერია, რომ მისი მიზანია, ბაზრის დაკვეთიდან გამომდინარე, ხარისხზე ორიენტირებული, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა, რათა კონკურენტუნარიანი, შრომით ბაზარზე დასასაქმებელი კადრები მივიღოთ კონკრეტული პროფესიების მიმართულებით, –  ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მიქანაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, „ოპონენტების, თუ კრიტიკოსების მხრიდან არის კრიტიკა, რომ ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი მოგონილია კონკრეტული უნივერსიტეტის გასაუქმებლად, რომელიც აქტიურად იყო ჩართული აქციებში“.

გივი მიქანაძის თქმით, რეალურად ჩანს, რომ არ არის საჭიროება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ოთხი იურიდიული ფაკულტეტის, არ არის საჭიროება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ჰქონდეს სამედიცინო ფაკულტეტი იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს ცენტრალური დაწესებულება, რომელიც ამაზეა ორიენტირებული.

„ვინმემ მანიპულირება რომ არ მოახდინოს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მოქმედ სტუდენტებს ეს არ შეეხება. ეს იქნება ის ახალი სქემა, რომელიც მომავალ აბიტურიენტებს და მომავალში ვინც ჩააბარებს, მათთან იქნება დაკავშირებული. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს თუნდაც პირველ კურსზე სწავლობენ, გნებავთ თსუ-ს სამედიცინოზე, გნებავთ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და ა.შ. ჩვეულებრივად ამ სასწავლო პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. ჩვენ გვინდა, შემდეგი წლიდან უკვე შემოვიტანოთ ახალი მოდელი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.