გივი მიქანაძე – გამოვლინდა არაერთი ფაქტი, რომ უცხოელი სტუდენტები არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ სტუდენტის სტატუსს, დამტკიცებული რეგულაციები ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ბევრად ზომიერია
ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების განკარგვა უდიდესწილად უნდა ხდებოდეს სწორედ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, სწორედ ამას ემსახურება გადაწყვეტილება, რომ ახლად მიღებულ კონტიგენტზე უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა რაოდენობა მისაღები კვოტის ხუთ პროცენტზე მეტი ვერ იქნება.
„ჩვენ ვიცავთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ბოლონიის პროცესთან არის დაკავშირებული, რომელიც საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგებისთვის არის მნიშვნელოვანი და მინიმალურ პრინციპს და სტანდარტს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი ძირითადი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური, ის დაფინანსება და ყველაფერი, პირველ რიგში, უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
უცხოელი სტუდენტები სამჯერ, ოთხჯერ მეტ გადასახადს იხდიან სწავლაში, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების სწავლა ჯდება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ კერძო უნივერსიტეტებს, რომ მათ მიიღონ ისინი. ისინი ამაში შეზღუდული არ არიან. თითოეულ უნივერსიტეტს აქვს განსაზღვრული კვოტა, ლიმიტი, რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლია, მაგრამ არ არის კონკრეტულად განსაზღვრული, რამდენი უნდა იყოს უცხოელი და რამდენი – საქართველოს მოქალაქე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა არაერთი ფაქტი, უცხო ქვეყნიდან შემოსული სტუდენტები გარკვეულწილად არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ სტუდენტის სტატუსს. ზოგი იჩერებდა და შემდგომში ცდილობდა, სამუშაო დაეწყო საქართველოში, ზოგი დაასრულებდა და ბინადრობის მოწმობით აქ რჩებოდა, ზოგი საერთოდ არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, პარლამენტში, როცა მე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, სხვადასხვა სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფი შევქმენით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად და განვსაზღვრეთ კონკრეტული მიმართულებები, რომელიც ნებისმიერ კეთილსინდისიერ უცხოელ სტუდენტს, რომელიც ჩამოდის სწორედ სწავლის მიზნით, არანაირ პრობლემას არ შეუქმნის, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები. ის რეგულაციები, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა, ბევრად ზომიერია, თუ შევადარებთ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ რეგულაციებს უცხო ქვეყნის სტუდენტებთან მიმართებით. ამიტომ აქ არანაირი სტანდარტი არ დარღვეულა, არაფერი საწინააღმდეგო არ ყოფილა. ვიდრე ეს საკანონმდებლო ცვლილებები იქნებოდა განხილული, ჩემი ინიციატივით ჩატარდა რექტორთა საბჭო, სადაც 64-ვე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა მთელი პაკეტი და ამას მოჰყვა ვრცელი განხილვა. ამის შემდეგ კერძო უნივერსიტეტების რექტორთა ნაწილმა ითხოვა დამატებითი კონსულტაციები და რამდენიმე დღეში ჩვენ სამინისტროში შსს-ს და სხვა უწყებების მონაწილეობით დამატებითი კონსულტაციები გავმართეთ. შევჯერდით ერთიან პოზიციაზე. ყველა პროცესთან დაკავშირებით, რაც ამ რეფორმას ეხება, მინდა, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, არის სრული ჩართულობა და მონაწილეობა. ყველა საკითხის განხილვა ხდება უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, რათა შეჯერებულ პოზიციაზე მივიდეთ. ანალოგიური არის, მაგალითად, როდესაც დაახლოებით ათი დღის წინ ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატარეთ რექტორთა მორიგი საბჭო, სადაც წარვადგინეთ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის პროექტი, რომელიც მოწონებული და მხარდაჭერილი იქნა უდიდესი უმრავლესობის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფინანსების თვალსაზრისით და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის ძალიან მკაფიო პოზიცია. ვთქვით, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდის პროცესი, ეს რეფორმა როცა დასრულდება და ახალ ეტაპზე გადავალთ, დაფინანსების მოდელი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებისგან, რის საფუძველზეც ამ დღეებში მთავრობის დადგენილებით დავამტკიცებთ დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც 2027 წლიდან შევა ძალაში და 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.