გივი მიქანაძე - გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, განვაგრძობთ მუშაობას პანდემიასთან ბრძოლაში დამატებითი პროგრესის მისაღწევად
გივი მიქანაძე - გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, განვაგრძობთ მუშაობას პანდემიასთან ბრძოლაში დამატებითი პროგრესის მისაღწევად

გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას პანდემიასთან ბრძოლაში დამატებითი პროგრესის მისაღწევად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიასა და ბავშვთა უფლებებზე გაიმართა მსჯელობა.

გივი მიქანაძემ ქართული პრაქტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, პანდემიამ ბავშვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მისი შეფასებით, პანდემია ბავშვთა უფლებების, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხს უპრეცენდენტო რისკის ქვეშ აყენებს.

„ციფრულმა ტრანსფორმაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებაში, მათ შორის ბავშვებისთვის აუცილებელი ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გადადგა.

„მთავრობამ, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, დაახლოებით, 414 000 ბავშვისთვის შეიმუშავა ონლაინ სასწავლო პროექტები, დანერგა დისტანციური და ჰიბრიდული სოციალური სერვისები, სპეციალური სატელევიზიო პროგრამა და ფეისბუქგვერდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების დასახმარებლად.

შემუშავებულია ონლაინ სასწავლო რესურსები სკოლის მოსწავლეებისთვის, სახელმძღვანელო მითითებები მასწავლებლებისა და სკოლებისთვის, ჩატარდა დაწყებითი კლასების პედაგოგთა ტრენინგები დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაეშვა პროექტი ტელესკოლა ბავშვებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი ციფრული აპარატურა ან ინტერნეტთან წვდომა. პროექტმა მოიცვა ეროვნული საგანმანათლებლო სასწავლო გეგმის ყველა საფეხური. პროექტი მრავალენოვანია და ჟესტების ენაზე თარგმანთან ერთად, მისი ნახვა შესაძლებელი იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.