გივი მიქანაძე - ძირითადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, განათლების რეფორმის კონცეფციაზე საზოგადოებაში ისეთი სახით მიიტანონ ინფორმაცია, რომელიც არ არის შესაბამისობაში რეალობასთან
გივი მიქანაძე - ძირითადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, განათლების რეფორმის კონცეფციაზე საზოგადოებაში ისეთი სახით მიიტანონ ინფორმაცია, რომელიც არ არის შესაბამისობაში რეალობასთან

დოკუმენტი ექვემდებარება შემდგომ განხილვებს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული, პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც არანაირი არგუმენტებით არ არის გაჯერებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან“ ერთად განაცხადა.

მიქანაძის თქმით, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზნობრივად ხდება საზოგადოებისთვის დოკუმენტის არასწორად ინტერპრეტირება.

„მცდელობა არის და, სამწუხაროდ, ვხედავდით გასული დღეების განმავლობაში, რომ რიგი კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზნობრივად ხდება საზოგადოებისთვის არასწორად ინტერპრეტირება იმ დოკუმენტისა, რომელიც გასაჯაროვდა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. მიზანი მარტივია, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სფერო ძალიან მგრძნობიარეა, რადგან ის ეხება ყველა ოჯახს. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც კვეთა არ ჰქონდეს განათლების სისტემასთან. როდესაც უმაღლეს განათლებას ეხება, აქ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილებებია. ტრადიციულად, საქართველოში ყოველთვის ასე იყო, რომ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს ფასეულობა, ღირებულება ჰქონდა და ეს მიდგომა, რომ აუცილებლად უმაღლეს სასწავლებელდამთავრებული უნდა იყოს, თანამედროვე რეალობას არ პასუხობს, რადგან დღეს ვხედავთ და დაპრიორიტეტებული გვაქვს, რომ პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე ეკონომიკური პროექტების და უამრავი კონკრეტული ღონისძიების პარალელურად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს შუა დერეფნის პრინციპიდან გამომდინარე, ახალი აეროპორტის, ნავსადგურის და სხვა მშენებლობებიდან გამომდინარე, უამრავ პროფესიაზეა მოთხოვნილება, რომლებსაც შეიძლება, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს კონკრეტული პირებისთვის. რა თქმა უნდა, დეფიციტურია. ჩვენ კანონიც კი გვაქვს მიღებული პარლამენტში დეფიციტური პროფესიების შესახებ და სწორედ ამ მიმართულებების წახალისება არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმაში, რომლის განხორციელებასაც  ვაპირებთ.

რაც შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, ცდილობენ, გამოიყენონ ეს მოცემულობა, მგძნობიარობა ამ პროცესისა და საზოგადოებაში ისეთი სახით გააჟღერონ ინფორმაციები და ისეთი ფორმით მიიტანონ, რომელიც აბსოლუტურად არ არის შესაბამისობაში რეალობასთან. მაგალითისთვის რომ ვთქვა, ბოლონიის პროცესთან აცდენა, რაც აბსოლუტურად არ წარმოადგენს სიმართლეს და არსად არ წერია ბოლონიის პროცესში, რომ არ შეიძლება, საბაკალავრო საფეხური იყოს სამწლიანი და სამაგისტრო საფეხური ერთწლიანი. ეს არსად წერია, მით უმეტეს, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს დინამიკას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში საბაკალავრო სისტემა ხშირ შემთხვევაში სამწლიანით  შეიცვალა – რა თქმა უნდა, ეს ყველა მიმართულებას არ ეხება – ისევე როგორც სამაგისტრო პროგრამები ერთწლიანია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.