გივი მიქანაძე - დარწმუნებული ვარ, რიგი ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან კონსტრუქციულ წინადადებებზე, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან იყო შემოთავაზებული
გივი მიქანაძე - დარწმუნებული ვარ, რიგი ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან კონსტრუქციულ წინადადებებზე, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან იყო შემოთავაზებული

კონკრეტული ოპოზიციური ძალა ან პოლიტიკოსები თუ გადადგამენ სწორ და კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მათთან შემდგომი მოლაპარაკებებისა და საკითხების განხილვისთვის ყოველთვის გვაქვს მზაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ რიგი ოპოზიციური ძალები საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებულ წინადადებებზე.

„ველოდებით და დარწმუნებულიც ვართ, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან იმ კონსტრუქციულ წინადადებებზე, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან იქნა შემოთავაზებული. დღეს ვხედავთ, რომ პარლამენტში ორი ოპოზიციური ძალა უკვე წარმოდგენილია. ველოდებით და დარწმუნებულიც ვართ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური სპექტრის რაოდენობა გაიზრდება პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და მეტი ამომრჩევლის ხმა იქნება მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებული საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, არავისთვის დასამალი არ არის, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა მათ შორის, „გირჩთან“.

„არავისთვის დასამალი არ არის რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში „გირჩთან“. ასევე, ჩვენ ვხედავთ იმ მოლაპარაკებების პროცესში გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში, რომლებიც ცდილობენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას დაე​ხსნან და უფრო კონსტრუქციულად მიუდგნენ. შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინი კიდევ ერთხელ აწონიან იმ ღირებულებას, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებული არის ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებთან, სწორად შეაფასებენ იმ მართლაც და ძალიან კონსტრუქციულ ნაბიჯებს და წინადადებებს, რომელიც ჩვენი გუნდის მხრიდან გაჟღერდა და შესაბამისად ჩაერთვებიან იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც მისცემს მათ საშუალებას, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში და ამით ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ მათივე ჩართულობით, რადგან ამ დიალოგს, ამ მსჯელობას აქვს მხოლოდ ერთი ადგილი, ეს არის პარლამენტი და არავითარ შემთხვევაში ქუჩა“, – განცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში გამართოს.

„როგორც ადრეც, ახლაც ვართ იმ პოზიციაზე, რომ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მზად ვართ, ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ის პრინციპი, რომ ეს საკითხები უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპებზე აწყობილი და აგებული, რომ ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვნად უნდა გადიოდეს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე და არა ვიწროპარტიულ ინტერესებზე ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ეს არის ამომავალი პრინციპი, ამიტომ, თუ კონკრეტული ოპოზიციური ძალა ან კონკრეტული პოლიტიკოსები გადადგამენ სწორ და კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ჩვენ რა თქმა უნდა, მათთან შემდგომი მოლაპარაკებებისა და საკითხების განხილვისთვის ყოველთვის გვაქვს მზაობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი