გივი მიქანაძე - ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს
გასულ კვირას, 9 აპრილს, შესრულდა 33 წელი იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მიქანაძის თქმით, 9 აპრილი თითოეული ქართველისთვის არის დღე ტკივილის და ამავდროულად, სიამაყის, გამარჯვებისა და მომავლის რწმენის. მისივე განცხადებით, ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი.
„ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, სიმბოლური იყო, როდესაც საქართველომ, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 9 აპრილი თავისუფლებისთვის ბრძოლის და ერის ერთიანობის სიმბოლოა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. იმ ბრძოლის, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება; ბრძოლის, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ეს გამარჯვება კი ასოცირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს კუთვნილი ადგილის სრულუფლებიანად დამკვიდრებასთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დეპუტატის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ერთობა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებიდან ამოსვლა.
„დღეს გაჩნდა რეალური პერსპექტივა, დავიმკვიდროთ კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში და აღვასრულოთ საუკუნეების მანძილზე ნანატრი ოცნება. ასეთ ჟამს, ყოველგვარი დესტრუქცია და ხელის შეშლა არის ქვეყნის დამაზიანებელი და უპატიებელი. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 9 აპრილის გმირები სწორედ ამ იდეალებსა და ფასეულობებს შეეწირნენ; რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა უპირველეს ყოვლისა უნდა შევიგრძნოთ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი ქვეყნისა და მისი კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისთვის დაღუპული გმირების სახელთან არის დაკავშირებული. როდესაც გამოვხატავთ მადლიერებას თავისუფლებისათვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მადლობა უპირველეს ყოვლისა 1989 წლის 9 აპრილის გმირებს ეკუთვნის, და ეკუთვნის არა მხოლოდ ქართველი ხალხის სახელით, არამედ ყველა იმ ადამიანის სახელითაც, ვინც დღეს საბჭოთა რეჟიმისგან თავისუფალი სამყაროს ნაწილია. გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.