გივი მიქანაძე - არსებული მოდელით 2 250 ლარია ერთ სტუდენტზე დაფინანსება და ეს ვერანაირ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
დღეს გვაქვს მოდელი, რომლითაც 2 250 ლარი არის ერთ სტუდენტზე შესაბამისი დაფინანსება და ეს დაფინანსება აბსოლუტურად ვერანაირ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს და, შესაბამისად, დაფინანსების არსებული მოდელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის შვიდი პუნქტი, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ, როგორც გამოწვევა და რეალური პრობლემა, არის ის რეალური სურათი, რომელზეც ვერავინ ვერ შემოგვედავება, რომ ეს ასე არ არის. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროს წარმოადგენენ, ასევე დაინტერესებულმა ადამიანებმა, რომელთა შვილებიც სწავლობენ ან რომელთა ოჯახების წევრებიც ამ სისტემაში მოღვაწეობენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შვიდი პრობლემა რეალური პრობლემაა და ცხადზე ცხადია, ეს ყველაფერი ყოველთვის ჩვენ თვალწინ არსებობდა, უბრალოდ, ჩვენ ამას თავი მოვუყარეთ და შვიდ მიმართულებად დავყავით. ჩვენი მთავარი განსახილველი კომპონენტია, რა გზებით უნდა მოხდეს ამ პრობლემების დაძლევა. ჩვენ თითოეულ პუნქტთან მიმართებით შემოგთავაზეთ კომისიის მიერ შემუშავებული კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელიც განმტკიცებულია შესაბამისი არგუმენტებით და კომპონენტებით. რა თქმა უნდა, ველოდებით ჯანსაღ პოლემიკას შესაბამისი არგუმენტებით, რომ განვიხილოთ. დღემდე რასაც ვისმენთ, ძირითადი აქცენტები კეთდება სასკოლო ასაკთან დაკავშირებით და ისეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელებაზე, თურმე 3+1 სისტემა რაღაცნაირად ბოლონიის პროცესს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რას უპასუხებს ოპონენტთა კრიტიკას, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი დაფინანსების შეზღუდვის ბერკეტებით შეეცდება უნივერსიტეტის მოთვინიერებას და დამორჩილებას?
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უნდა იყოს დამკვეთი კვლევებიდან გამომდინარე და, შესაბამისად, უნივერსიტეტებზე დაფინანსება გადანაწილდება იმის მიხედვით, პროფილურად რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნილება იქნება.
„ეს დაკვეთა არ გამორიცხავს, რომ რაღაც სეგმენტებში კერძო უნივერსიტეტების მიმართაც განხორციელდეს ეს, მაგრამ ძირითადი კომპონენტი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ, გარდა არსებითი და მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება. ანუ, ეს სეგმენტი, დაინტერესების შემთხვევაში, მთლიანად გადავა კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე. თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ის დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებული სახელმწიფოს მოთხოვნებზე და ამ მოთხოვნების შესრულებაზე. რა თქმა უნდა, პარალელურად, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სრული დაფინანსება, რათა პროცესი მიმდინარეობდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და თითოეული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკით, ბაზებთან წვდომით, ლაბორატორიებით, კონკრეტული დანადგარების არსებობით სხვადასხვა ცდის თუ ექსპერიმენტის ჩასატარებლად და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურით და სახელფასო უზრუნველყოფით, რომელიც უზრუნველყოფს, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლება მივცეთ ახალგაზრდებს“, – განაცხადა მიქანაძემ.