გივი მიქანაძე - არასამთავრობოებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მომზადებული კანონპროექტი და პარლამენტში გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნებისთვის
პარლამენტში 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, კომისიის წევრებმა ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, რომელთაც ყველაზე გრძელვადიანი გამოცდილება აქვთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განხორციელების კუთხით. გივი მიქანაძე აღნიშნავს, რომ მათთან კონსტრუქციული დიალოგი წარიმართა.
„სამართლებრივი კუთხიდან როდესაც განვიხილეთ საკითხები, გამოვლინდა, რომ არასამთავრობოებს ორი მიმართულებით ჰქონდათ კითხვის ნიშნები. ერთი, რომელიც ეხებოდა შესწორების ოქმებს, მათ არ მოსწონდათ, რომ შესწორებები ხდებოდა. ეს შესწორებები ხდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში და არანაირი გადაცდომა არ ყოფილა. მეორე მხრივ, საუბარი იყო იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სუბიექტების საჩივრების გარკვეული ნაწილი არ იყო განხილული, ხოლო ნაწილი არ დაკმაყოფილდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავსვით შეკითხვები.
არასამთავრობოებთან გამოიკვეთა კონკრეტული პოზიციები, სადაც ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობაში გასატარებელია ცვლილებები, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიხვეწა და რომელიც უკვე პირველი მოსმენით მიღებულია. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც უნდა გააქროს ის კითხვის ნიშნები, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში წარმოშვა. რაც მთავარია, გამოიკვეთა პოზიცია, რომ მომზადებული კანონპროექტი და ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება პარლამენტში, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მონაწილეობით, ამაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, არის მნიშვნელოვანი იმ არჩევნებისთვის, რომელიც სულ რამდენიმე თვეში ჩატარდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.