გივი მიქანაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული გარემოებები სავარაუდოდ  ეჭვის დონეზეა წარმოდგენილი
გივი მიქანაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული გარემოებები სავარაუდოდ ეჭვის დონეზეა წარმოდგენილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული გარემოებები სავარაუდოდ ეჭვის დონეზეა წარმოდგენილი, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ მათ დარღვევებზე საუბარი მტკიცებით ფორმაში არ შეუძლიათ.

„საგამოძიებო კომისიამ სხვადასხვა მიმართულებით მოიპოვა საკმაოდ მნიშნელოვანი ინფორმაციები და პარალელურად მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების შესწავლა, რომელთა საჩივრებზე დაყრდნობითაც შეირჩა გადასათვლელი უბნები. წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ გარკვეულ გარემოებებზე, რომლებიც ეხებოდა შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, შესაძლო ზეწოლას, მუქარას და სხვა მიმდინარე ფაქტებს, ეს ყველაფერი წარმოდგენილია სავარაუდოდ, ეჭვის დონეზე. ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, როდესაც ისინი ჩვენ მოვიწვიეთ კომისიაზე და მათგან ახსნა-განმარტებები მივიღეთ. მათ განაცხადეს, რომ მტკიცებით რეჟიმში არ შეუძლიათ მსჯელობა და ეს არის მათი ეჭვი, ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ მიმართულებით გარკვეული დარღვევები მომხდარიყო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ მყისიერ რეაგირებაზე იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებშიც შესაძლოა, დანაშაულის შემცველი ნიშნები ყოფილიყო.

„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეაგირება იმ ქმედებებზე, რომლებშიც შესაძლოა, ყოფილიყო დანაშაულის შემცველი ნიშნები, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იყო მყისიერი. 61 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და 119 შემთხვევაში პროკურატურის მიერ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.