გივი მიქანაძე - 12 პუნქტის შესრულების პროცესში წვლილის შეტანის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხერხების მოფიქრებას, რათა ვექტორები სხვა მიმართულებით გადაიტანონ
გივი მიქანაძე - 12 პუნქტის შესრულების პროცესში წვლილის შეტანის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხერხების მოფიქრებას, რათა ვექტორები სხვა მიმართულებით გადაიტანონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის მცდელობებია, პარლამენტი იყოს არა კანონშემოქმედებითი და ზედამხედველობის განმახორციელებელი, არამედ ერთგვარ საგამოძიებო უწყებად გარდაქმნან.

მისივე თქმით, რეგლამენტი ზუსტად მიუთითებს, რა შემთხვევებშია სამართლებრივი საფუძველი, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

ამასთან, გივი მიქანაძის განმარტებით, უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს 12 რეკომენდაციის მაღალი სტანდარტით შესრულება და ამ პუნქტების შესრულების პროცესში წვლილის შეტანის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხერხების მოფიქრებას, რათა ვექტორები სხვა მიმართულებით გადაიტანონ.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე კონკრეტული ინიციატივა მცდელობაა, რომ გარკვეულ საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები და რაღაცნაირად ეს პროცესი დაუკავშირონ ხელისუფლებას, თუმცა ეს არის მცდარი და ფუჭი მცდელობები, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გასაგებია, და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიო ინფორმირებულია იმის შესახებ, რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადდა „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება. ეს ეფუძნებოდა გერმანელი და ქართველი სამართალდამცველების ერთობლივ მუშაობას და გამოძიებულ ფაქტებს. ოპოზიციის მცდელობები კიდევ მიუთითებს, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს გარკვეული მიმართულებით აქვს ინტერესები, რომ აქცენტები სულ სხვა მიმართულებაზე გადაიტანოს მაშინ, როცა მთელი ევროპა, პარტნიორები მოგვიწოდებენ, მაქსიმალური ინკლუზიურობით მოხდეს იმ პროცესის დასრულება, რომელიც დასკვნით ფაზაშია გადასული. ამჟამად საქართველოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს 12 რეკომენდაციის მაღალი სტანდარტით შესრულება. რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი გუნდისთვის ეს ასეც არის. იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ 12 პუნქტის შესრულების პროცესში, ცდილობენ ხერხებისა და საშუალებების მოფიქრებას, რათა რაღაცნაირად ვექტორები სხვა მიმართულებით გადაიტანონ, თუმცა ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ეს არის ფუჭი მცდელობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.