ევროპის ორგზის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97კგ) ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კონტინენტის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ბუქარესტში ერთი კვირის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა.
ტურნირზე ქართველი მოჭიდავეები კიდევ ხუთ მედალს დაეუფლნენ. გენო პეტრიშვილმა (125კგ) და ნაკრების დებიუტანტმა აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მირიან მაისურაძე (92 კგ), რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.