გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, მაქსიმუმ, ხუთშაბათს გაიგზავნება
გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, მაქსიმუმ, ხუთშაბათს გაიგზავნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, მაქსიმუმ, ხუთშაბათს გაიგზავნება.

„ვკითხე და მითხრა, მაქსიმუმ, ხუთშაბათს შევაო. ეს პასუხი მივიღე“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, ადვოკატებისგან ხომ არ მიიღო აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა, ალასანიამ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მათთან კონსულტაციის შედეგად აქვს ინფორმაცია მიღებული. „ალბათ მათთან კონსულტაციით, მე არ ვესწრები მათ შეხვედრებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, სარჩელით დაცვის მხარე მოითხოვს, რომ სააკაშვილს გადაუვადდეს სასჯელი და მკურნალობის საშუალება მიეცეს.

„მხარე ითხოვს დროებით გადავადებას, რათა მკურნალობის საშუალება მიეცეს და საწამლავები გამოვიდეს ორგანიზმიდან“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ვივამედის“ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

მანამდე, კლინიკაში შესვლამდე  გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადვოკატებისგან ვერ იღებს ინფორმაციას, რატომ არ გაიგზავნა ამ დრომდე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.

„რამდენადაც ვიცი, ყველაფერი მზად იყო და შესაძლებელი იყო დღესვე შეტანა. მე რომ მკითხო, წინა კვირაშიც უნდა შეტანილიყო სარჩელი. ვერ გეტყვით, ვერ ვიღებ პასუხს. სასწრაფო და აუცილებელია გაგზავნა. ადვოკატები არ მინახავს, არ ვიცი. დღის ბოლომდე რაღაცებს ვლაპარაკობთ, შემდეგ მთავრდება დღის ბოლო და პასუხს ვერ ვიღებ. მე მეჩქარება დიდი ხანია, ადამიანი გაქრა, ხომ ხედავთ. ადვოკატებსაც იმავეს ვეუბნები, სხვა რა უნდა ვუთხრა. არ გამიგია, რა პროცედურებია კიდევ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.