გიული ალასანია - მიშას სახსრების საშინელი ტკივილები აქვს, საკმარისია ორი ლუკმა შეჭამოს, ტაქიკარდია ეწყება, უკვდავი ხომ არ არის, ბოლოს და ბოლოს ადამიანია
გიული ალასანია - მიშას სახსრების საშინელი ტკივილები აქვს, საკმარისია ორი ლუკმა შეჭამოს, ტაქიკარდია ეწყება, უკვდავი ხომ არ არის, ბოლოს და ბოლოს ადამიანია

სახსრების საშინელი ტკივილები აქვს, საკმარისია ორი ლუკმა შეჭამოს, ტაქიკარდია ეწყება, განა ყურადღება აკლია, ექიმები, რაც შეუძლიათ, აკეთებენ, ყურადღებას არ აკლებენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ამასთან, ალასანიამ კომენტარი გააკეთა უცხოურ მედიაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სტატიებზე.

„„ფაინენშალ თაიმსი“, „ეკონომისტი“, „შპიგელი“, ან „სიენენზე“ გამოგიყვანს ვინმე ფულით, ან „ბიბისიზე“? ვერ მოისყიდი ამ ხალხს. იმათ თავისი წესები აქვთ, თავისი სახე, რეპუტაცია, არ დააყენებენ რისკის ქვეშ ამ რეპუტაციას“, – აღნიშნა ალასანიამ.

ასევე, გიული ალასანიას თქმით, მან ნამდვილად გაყიდა ნაკვეთი, რომ საკუთარ შვილს დახმარებოდა.

„მამაჩემი იყო სასოფლოს პრორექტორი, დიდხანს, ეს იყო მიშიკოს პრეზიდენტობამდე და ყველაფერზე უფრო ადრე ხდებოდა, მაშინ სასოფლომ თავის თანამშრომლებს დაურიგა ნაკვეთები და მამაჩემსაც მიეცა ეს ნაკვეთი ქოშიგორაზე, სხვათა შორის, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ იქ რაღაც ჩაედგა, მაგრამ არ მოხერხდა ეს. იყო უბრალოდ ნაკვეთი, საკმაოდ დიდი და ის ნაკვეთი გავყიდე. აბა, ეს ადამიანი ჩამოვიდა ხელცარიელი აბსოლუტურად, ჩემზეა ყველაფერი. უფრო მეტი რომ მქონდეს, უფრო მეტს გავიმეტებდი, ყველაფერს  გავიმეტებდი ჩემი შვილის გადასარჩენად, ნებისმიერი დედა მაგას გააკეთებს“, – განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიას განცხადებით, მას ინფორმაცია არ აქვს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეხვედრის საკითხზე.

„არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რაც თვითონ გააკეთეს განცხადება, ბატონი ბურჯანაძის ინფორმაცია მოვისმინე, შევიკრიბებით ორშაბათსო. ეს ექიმები იყვნენ ძალიან კარგი. ჩემი ინტერესია, რომ სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი. უკვდავი ხომ არ არის ეს ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, ადამიანია“, – აღნიშნა ალასანიამ.