გიტანას ნაუსედა – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი არის ის უმთავრესი კონფლიქტი, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს

22:08, 22.09.2026

რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ის უმთავრესი კონფლიქტი, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ომში უკრაინის გამარჯვება გლობალური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთმა ტერიტორიული თვალსაზრისით მინიმალურ წარმატებას მიაღწია და ამავდროულად, უზარმაზარი დანაკარგები განიცადა.

„ამ უზარმაზარ ძალისხმევას, მთელ ამ დაღვრილ სისხლსა და ცრემლს, საბოლოოდ, ფაქტობრივად, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. უკრაინა კვლავ ამაყად დგას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკრაინული ენა, კულტურა და ეროვნული იდენტობა ცოცხალია და ვითარდება. მართალია, ოფიციალურად ეს არ გამოცხადებულა, მაგრამ რუსეთმა ეს ომი, ფაქტობრივად, უკვე წააგო. თუმცა, ჩვენ ყველამ უნდა გაიზიაროს ამ სასტიკი და უაზრო ომით გამოწვეული დიდი ტკივილი და ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა უკრაინის გამარჯვება დავაჩქაროთ, რადგან მხოლოდ უკრაინის საბოლოო გამარჯვებას – მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით – შეუძლია, უზრუნველყოს გლობალური მშვიდობა, უსაფრთხოება და გაერო-ს წესდების სანდოობა“, – აღნიშნა ნაუსედამ.

ცნობისთვის, „სიენენმა“ მიმდინარე წლის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების გადაწყვეტილება რუსეთს დაახლოებით 450 000 ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ახალი კვლევის მიხედვით კი, ომის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი