გიტანას ნაუსედა - საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაციის გართულების მოწმენი ვხდებით
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაციის გართულების მოწმენი ვხდებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიტანას ნაუსედას განცხადებით, საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული ქმედებები, როგორიცაა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, გადაადგილების შეზღუდვა და არალეგალური დაკავებები ართულებს ადგილობრივების ცხოვრებას. მისი თქმით, ამჟამად მთავარი მიზანი აგრესორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა.
გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბელარუსის მიერ მიგრანტების გამოყენებით ჰიბრიდული ომის წარმოებაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მარტო ლიეტუვას არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც.
გიტანას ნაუსედამ საკუთარ გამოსვლაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტის საკითხებსაც შეეხო.