გიტანას ნაუსედა - ნატო-ს ბოლო სამ სამიტზე ხაზგასმული იყო უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა, ყველაფრის წაშლა სერიოზულად შეარყევს ნატო-ს ავტორიტეტს
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დარწმუნებულია, რომ თუ ნატო წევრობასთან დაკავშირებით უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას არ შეასრულებს, ეს ალიანსის რეპუტაციას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
გიტანას ნაუსედას განცხადება ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ბოლო სამ სამიტზე მკაფიოდ იყო ხაზგასმული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა.
„და ახლა ყველაფრის წაშლა ძალიან სერიოზულად შეარყევს ნატო-ს ავტორიტეტს. ეს იქნებოდა უზარმაზარი დარტყმა ნატო-ს რეპუტაციისთვის“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა უნდა მიიწვიონ ივნისში ნატო-ს სამიტზე ჰააგაში, რათა კიევს ჰქონდეს საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე ეწინააღმდეგება ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე, რომელიც ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება. მოგვიანებით ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინული დელეგაციის ნატო-ს სამიტში მონაწილეობის საკითხს გენერალური მდივანი მარკ რუტე გადაწყვეტს. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას ჰააგაში ნატო-ს სამიტზე.