გიტანას ნაუსედა - ან ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეაჩერებს აგრესორს, ან თანამდებობებს ვტოვებთ
ან ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეაჩერებს აგრესორს, ან თანამდებობებს ვტოვებთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში განაცხადა, სადაც პოლონეთის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად იმყოფება.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ოკუპანტმა იცის, რაც ჩაიდინა და დადგება მისი გასამართლების დრო.
„რთულია, იპოვო ისტორიაში შედარებისთვის სხვა შემთხვევები, როდესაც მთელი ოჯახები დახოცეს და დამარხეს; როცა ჩვილები გააუპატიურეს; როდესაც სიმხეცე ნაჩვენები იყო მთელი თავისი სიძულვილით. ეს არის ის, რაც შეუძლებელია, ჩაიდინოს ადამიანმა, არამედ ბუნების სხვა სახის ქმნილებამ, ბუნების გაუგებრობამ. ასე რომ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს საშინელი ომი.
ახლა ადამიანების მკვლელობა გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ყველაფერი უნდა აჩვენონ მთელ მსოფლიოს. ოკუპანტმა იცის, რაც ჩაიდინა. მისი გასამართლების დრო დადგება, თუმცა მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, რა ხდება აქ; მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ განსჯისა და დიპლომატიური ზიგზაგების დრო არ არის. ჩვენ ან ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეაჩერებს აგრესორს, ან თანამდებობებს ვტოვებთ. ვფიქრობ, მხოლოდ პირველი ვარიანტია მისაღები ცივილიზებული მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გიტანას ნაუსედას განცხადებას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.