გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია სერიოზული და მყარი საჯარო, პოლიტიკურად არაანგაჟირებული კლასის ჩამოყალიბება, სხვანაირად საპარლამენტო რესპუბლიკა წარმოუდგენელია
გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია სერიოზული და მყარი საჯარო, პოლიტიკურად არაანგაჟირებული კლასის ჩამოყალიბება, სხვანაირად საპარლამენტო რესპუბლიკა წარმოუდგენელია

მნიშვნელოვანია სერიოზული და მყარი საჯარო კლასის ჩამოყალიბება, პროფესიული, პოლიტიკურად არაანგაჟირებული საჯარო კლასის ჩამოყალიბება, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო რესპუბლიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პოლიტიკური პროცესი იცვლება, პოლიტიკური ცხოვრების ანალიზი აჩვენებს, რომ ფინანსური რესურსი მნიშვნელოვანია, თუმცა სულ უფრო უკან გადადის.

„პირველი, რაც დღეს რაც საქართველოში მნიშვნელოვანია, ეს არის სოციალური ბაზა. თქვენ რომ ამბობთ, იდეოლოგია არ არსებობს. იდეოლოგია რა თქმა უნდა, არსებობს. იდეოლოგიას სჭირდება მოძებნა, იდეოლოგიას სჭირდება იდენტიფიცირება, სწორი არტიკულირება სოციალური ბაზის მიმართებით. მარტივ მაგალითს გეტყვით, დღეს პოლიტიკური პროცესი, ხომ პარალელურად, ეკონომიკურ პროცესთან ერთად მიმდინარეობს – მარტივი მაგალითია, საშუალო კლასი, როგორც ჩვენი საზოგადოების, სოციალური სტრუქტურის ნაწილი, დღეს პრობლემა ამაშია, რომ საშუალო კლასი არის იმდენად სუსტი, რომ მას არ რჩება დრო, რათა თავისი სოციალური და პოლიტიკური ინტერესები დაიცვას. მაგრამ ეს ნელა-ნელა იცვლება ამ ცხოვრებაში. ნელ-ნელა ეს ბაზა ფართოვდება, ასეთი რაოდენობა ადამიანების იზრდება, ამას უბრალოდ სჭირდება გარკვეული დრო და რაც მთავარია, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა ამ ქვეყანას, ეს არის გრძელვადიანი სტაბილურობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის ფასი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით გარდამავალ ეტაპზე. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ინსტიტუტების მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში. ქვეყნიდან ვყალიბდებით, როგორც წარმატებული სახელმწიფო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუტების სიძლიერე, მათი თანმიმდევრული ზრდა. მნიშვნელოვანია სერიოზული და მყარი საჯარო კლასის ჩამოყალიბება, პროფესიული, პოლიტიკურად არაანგაჟირებული საჯარო კლასის ჩამოყალიბება, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო რესპუბლიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პროპორციული სისტემაა, თუ ამ სისტემაში არ იარსება პროფესიულმა საჯარო მოხელემ, რომელიც სრულად აპოლიტიკური უნდა იყოს, ქვეყანა ვერსად ვერ წავა.

„პოლიტიკური პროცესისთვის კომპლექსურად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა, პროფესიული, აპოლიტიკური საჯარო სექტორი და თანმიმდევრული სტაბილურობა ქვეყანაში, რათა სწრაფად შევძლოთ ეკონომიკური განვითარება, რომ ძლიერი, მძლავრი საშუალო კლასი ჩამოგვიყალიბდეს. ეს არის სისტემური ამოცანები, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. არა ის, რაზეც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი დაობს. ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო, როდესაც პოლიტიკურ დებატებში, ოპონირებაში ამაზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ შენ იქ იყავი, ეს თქვი, ეს არ თქვი, წარმოუდგენელია, შინაარსობრივ პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ვითარდება, პოლიტიკური პროცესის ხარისხიც იზრდება და ეს ყველაფერი აისახება პირველ რიგში, პარლამენტში.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური, ბევრად უფრო ეფექტური და 2020 წლის პარლამენტი იქნება ის პლატფორმა, სადაც საქართველოს აქტიურ, პოლიტიკურ ძალებს შეეძლებათ შინაარსობრივი დებატების მოწყობა. როგორც ჩანს, იქნება ბევრად უფრო პლურალისტური, თუმცა ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს პლურალიზმი, ხარისხის გამოცდასაც უძლებდეს. წარმომადენლობით ნაწილში, მერწმუნეთ, ეს პარლამენტი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე წინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.